четверг, 9 декабря 2010 г.

"პოეზია მუსიკაა სულისა"

პოეზიის საღამო მიძღვნილი ქობულეთელ პოეტებს

ძნელია საქართველოში პოეტის სახელი ატარო, თავი გაუტოლო იმ ბუმბერაზებს, რომელთაც
ერის პოეტური გენია ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გაუტანიათ და არაერთი მკითხველი დაუტოვებიათ გაოცებული,ჯადოსნური მუსიკით მოხიბლული. ალბათ, ესეც ღვთის ნებაა,ამ პატარა ქვეყანაში "პოეტური ნიჭითა და სულისკვეთებით" გასხივოსნებული ადამიანები მრავლად რომ დაიარებიან.
2010 წლის 25 ოქტომბერს ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარებულმა საღამომ კიდევ ერთხელ ცხადყო ეს. სკოლის ბიბლიოთეკარმა ქ–მა ნატო ჟღენტმა და XIIბ კლასის მოსწავლემ ეთერ ვერულიძემ (ისინი იყვნენ სწორედ ამ ღონისძიების სულის ჩამდგმელნი) არაჩვეულებრივად თბილი შეხვედრა მოუწყვეს ქობულეთელ პოეტებს: ამირან ხაბაზს, თემურ თხილაიშვილს და ამავე სკოლის კურსდამთავრებულს ნანა კონცელიძეს. გაიხსენეს: მარო ჯობავა, ზურაბ ფირცხალაიშვილი, მოიგონეს: ზურაბ გორგილაძე, მამია ხარაზი.
სითბო, სიყვარული, პატივისცემა, აღტაცება – ერთმანეთში აირია ეს ყველაფერი და ერთ დიდ
გრძნობად – ქართული ლექსის სიყვარულად შეკრა. სკოლის მოსწავლეები ზურა მახარაძე, თამილა ჯინჭარაძე, გიორგი გოგაძე, ბესო შავიშვილი, ილია ლაზიშვილი, თედო თხილაიშვილი, ილია ოქროპირიძე, მარი გოლიაძე, ნინო ოთიაშვილი, სალომე შაქარიშვილი, ჯეირან მოწყობილი, მარი გოგიტიძე, თამუნა მჟავანაძე, ეთერ ვერულიძე კითხულობდნენ თავიანთი საყვარელი "ნაღდი ქობულეთელების" (ასე უწოდა ქ–მა ნატომ თანაქალაქელ პოეტებს) ლექსებს და მსმენელი გულგრილი ვერ რჩებოდა, მოსწავლეების გვერდით პოეზიის მარგალიტები სკოლის პედაგოგებმაც – ნარგიზ ბაღიშვილი, თამარ გოგიტიძე, ლალი თევზაძე, ციცო შამილიშვილი, ნონა ჩელებაძე, თალიკო ბეჟანიძე, მერი ბეჟანიძე, სოფო გორგილაძე, გიული ლომაძე, ანჟელა ოქროპირიძე წარმოადგინეს ალალად, გულწრფელად. სუფთა გულიდან ამოსული სიტყვების ძალა დარბაზში მაგიურ კვალს ტოვებდა, ლექს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას ცეკვა და ქართული რიტმითა და რითმით
გატაცებულთ აღარ სურდათ საღამოს დასრულება. თუმცა ეკლესიასტეს არ იყოს, ყველაფერს თავისი დრო აქვს. დასასრულიც ისეთივე ლამაზი და შთამბეჭდავი იყო, როგორც დასაწყისი. თემურ თხილაიშვილის გულიანი სამადლობელი დიდხანს ემახსოვრებათ მეორე სკოლელებს, ვერც ახალგაზრდა
პოეტის (ჩვენივე სკოლის კურსდამთავრებულის) ნანა კონცელიძის სიტყვებს დაივიწყებენ ვერასდროს.
დირექტორის ქ–ნ ნარგიზ ბაღიშვილის დედაშვილური დალოცვა კი არ დაკარგავს ძალას. საქართველოს მომავალი ხომ იმ თაობის ხელშია, იმ გოგო–ბიჭების გადასაწყვეტია, რომლებიც დღეს სკოლის დერეფნებსა და სასკოლო ოთახებში დარბიან და სწორედ პოეზიის მადლით ეზიარებიან ჭეშმარიტ ქართველობას, ღირსეულ მამულიშვილობას.

Комментариев нет:

Отправить комментарий